Friday, October 26, 2018

სწავლების მეთოდები და სწავლის სტრატეგიები



ხშირად მასწავლებლებს უჭირთ აქტივობისა და მეთოდის ერთმანეთისგან გარჩევა. აქტივობას დაესმის კითხვა: რას ვაკეთებ? მაგალითად, მასწავლებელი კლასთან ერთად შეიმუშავებს ჯგუფური მუშაობის წესებს. ხოლო ის, რასაც დაესმის კითხვა: როგორ ვაკეთებ? (ე.ი. რა დიდაქტიკური ხერხით ვახორციელებ ამ აქტივობას?) – მეთოდია. მაგალითად, მასწავლებელი ჯგუფური მუშაობის წესებს შეიმუშავებს “აპოლო ტექნიკით” ან “გონებრივი იერიშით”.
სწავლის შედეგების ჩამოყალიბებისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ერთი რამ: მოსწავლეს მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესახებ ცოდნის მიღებაში კი არ დაეხმაროს, არამედ გამოუმუშაოს მას ზოგადი/ტრანსფერული უნარებიც (მაგალითად, კომუნიკაციისა, პრეზენტაციისა, თანამშრომლობისა და სხვ.). სასურველი შედეგის მიღწევაში კი მას ადეკვატურად შერჩეული სწავლების მეთოდები დაეხმარება.
საგანმანათლებლო ლიტერატურაში სწავლების მეთოდების სხვადასხვა კლასიფიკაციას შეხვდებით. ერთ-ერთი კლასიფიკაციით, ისინი ორ ჯგუფად იყოფა: მეთოდები, რომლებიც ხელს უწყობს კონკრეტული მასალის ათვისებას და მეთოდები, რომლებიც ავითარებს ზოგად/ტრანსფერულ უნარებს, – თუმცა ეს დაყოფა პირობითია, რადგან მეთოდთა უმრავლესობა მოსწავლეებს საგნობრივთან ერთად ზოგადი კომპეტენციის განვითარებაშიც ეხმარება.
მრავალი სასწავლო მეთოდი (მაგალითად, პროექტმეთოდი, ჯიგსოუ, კვირის გეგმა, აპოლო ტექნიკა და სხვა) ისწრაფის, განუვითაროს მოსწავლეებს დამოუკიდებლად მოქმედების უნარი. მომდევნო წერილებში ჩვენ დაწვრილებით განვიხილავთ სასწავლო მეთოდებს, ვისაუბრებთ იმაზე, ადეკვატურად როგორ უნდა გამოიყენოს ესა თუ ის მეთოდი მასწავლებელმა, რა წინაპირობა უნდა გაითვალისწინოს მან თითოეული მათგანის გამოყენებისას, მოსწავლეებში რა კომპეტენციის განვითარებას უწყობს ესა თუ ის მეთოდი ხელს, რა არის თითოეული მათგანის ძლიერი და სუსტი მხარე. ამჯერად კი სწავლის სტრატეგიებზე საუბარს გავაგრძელებთ.
სწავლის სტრატეგია გულისხმობს შემეცნებითი პროცესების მიზანმიმართულ გამოყენებას სწავლის დროს. იგი აიოლებს ახალმიღებული ინფორმაციის აღქმას, გადამუშავებას და გონებაში შენახვას. სწავლის ეფექტური სტრატეგიები, როგორებიცაა, მაგალითად, ინფორმაციის ორგანიზება, დამუშავება, შეჯამება და დასკვნების გამოტანა, ჩანაწერების გაკეთება, საკუთარი სწავლის პროცესის მონიტორინგი, სამუშაოს განაწილება-დაგეგმვა და სხვა, მოსწავლეს მაღალ სააზროვნო უნარებს (ტრანსფერის უნარს, ანალიტიკურ, შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებას) უვითარებს, მაგრამ, სამწუხაროდ, მოსწავლეები უმეტესად სწავლის ისეთ პრიმიტიულ და ნაკლებეფექტურ სტრატეგიას იყენებენ, როგორიცაა მასალის გამეორება.
2. არანაკლებ მნიშვნელოვანია მეტაკოგნიტური სტრატეგიები. მეტაკოგნიცია არის აზროვნება საკუთარი აზროვნების შესახებ. მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი გულისხმობს მოსწავლის აქტიურ ჩართვას საკუთარი სწავლის პროცესის დაგეგმვაში, მართვაში, მონიტორინგსა და შეფასებაში. მოსწავლის უნარი, გამოიტანოს დასკვნა იმის თაობაზე, რა და როგორ ისწავლა და დაგეგმოს საკუთარი თვითგანვითარება, მეტაკოგნიტური სტრატეგიაა. რაც უფრო მაღალია მოსწავლის მეტაკოგნიტური აზროვნება, მით უფრო ადეკვატურად იყენებს იგი სწავლის ეფექტიან სტრატეგიებს.
ძნელი სათქმელია, ჩამოთვლილ სტრატეგიათაგან (კოგნიტური, მეტაკოგნიტური, ემოციურ-მოტივაციური, სოციალური, რესურსებზე დაფუძნებული) რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ეფექტიანი სწავლისთვის, რადგან მათ მეტწილად კომპლექსურად იყენებენ (Weinert 1997). შესაძლოა, სწავლის პროცესში შეინიშნებოდეს სწავლის რომელიმე სტრატეგიის დეფიციტი, მაგრამ მისი კომპენსირება მოხერხდება, თუ სხვა სტრატეგიები მაღალ დონეზე იქნება განვითარებული. თუმცა არსებობს ისეთი რთული და კომპლექსური დავალებები, რომელთა შესასრულებლად სწავლის ყველა სტრატეგიის ცოდნა და გამოყენებაა აუცილებელი და საკმარისია, ერთ-ერთი მათგანი გამოაკლდეს, რომ მარცხი გარდაუვალია.

No comments:

Post a Comment