Sunday, October 14, 2018


პედაგოგიური პრაქტიკული კვლევა:


„მათემატიკის სწავლის მოტივაცია და მასზე მოქმედი  ფაქტორები“.


განხორციელებული კვლევის შედეგები:


       მიგნებები:   მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა, რომ მოსწავლეების დიდ ნაწილს უჭირს ყურადღების კონცენტრაცია, უჭირთ მათემატიკური საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტა, რაც აქვეითებს მოტივაციას და შესაბამისად აკადემიური მოსწრების დონეს. აქვთ  კითხვის და ტექსტური ინფორმაციის გააზრების პრობლემა, განსაკუთრებით არაქართულენოვან მოსწავლეებს. ბავშვებს არ შეუძლიათ საკუთარი შეცდომის პოვნა და შესწორება, არ აქვთ თვითრწმენა, ეს ფაქტორიც აქვეითებს მოტივაციას. უჭირთ მათემატიკური ოპერაციების შესრულება, ანგარიში. შეჭიდება უწევთ დიდი მოცულობის საშინაო დავალებასთან, თუ შეუმცირებთ მათთვის უფრო საინტერესო და დაძლევადი იქნება.

     შესაძლო ინტერვენცია:      გაკვეთილებზე აქტივობების შესაბამისი  საინტერესო რესურსის გამოყენება, მათ შორის ელექტრონულის. ყურადღების კონცენტრირებისთვის საგაკვეთილო პროცესში გონებრივ აქტივობებთან ერთად უფრო მეტად პრაქტიკული აქტივობების განხორციელება, მაგალითად:  ხატვა, აპლიკაციის გაკეთება,ძერწვა, სიმღერა და სხვა. მეტი აქცენტის გაკეთება თამაშით სწავლებაზე. საგაკვეთილო პროცესში ბავშვებს მივცეთ დრო, რომ იპოვონ საკუთარი შეცდომა და თავად გაასწორონ.  ზოგიერთ შემთხვევაში დავალების არჩევანის შესაძლებლობის მიცემა. არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის შესაბამისი, მათთვის გასაგები და საინტერესო აქტივობების დაგეგმვა.  უფრო მეტი  დადებითი კომენტარის  გაკეთება, გამოცდილების გაზიარება კოლეგებს შორის, კოლეგასთან ერთად გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება, მშობლებთან ხშირი კომუნიკაცია.

      განხორციელებული ცვლილებები:  გაკვეთილებზე გამოვიყენე საკლასო აქტივობების შესაბამისი უფრო მეტი საინტერესო რესურსი, თვალსაჩინოებები, მათემატიკური ბარათები, კუბები და სხვა. შევქმენი ელექტრონული რესურსი, რომელიც გამოვიყენე ანგარიშის უკეთ ასათვისებლად  და  რომლის გამოყენებამ გაზარდა მოტივაცია მოსწავლეებში.  ჩავატარე გაკვეთილი, სადაც  აქცენტი გავაკეთე პრაქტიკულ აქტივობებზე,  თამაშით სწავლებაზე, ეს აქტივობები განსაკუთრებით დამეხმარა არაქართულენოვან მოსწავლეებთან.  საგაკვეთილო პროცესში ბავშვებს მივეცი დრო, რომ ეპოვათ საკუთარი შეცდომა და თავად გაესწორებინათ, მინდა ავღნიშნო, რომ კარგად გაართვეს თავი,  რამაც მათში გაზარდა თვითრწმენა. მივეცი ზოგიერთ შემთხვევაში დავალების არჩევანის შესაძლებლობა.  ბავშვებს სისტემატიურად ვაფასებ დადებითი კომენტარით, რა თქმა უნდა დამსახურების შესაბამისად. გამოცდილების გაზიარების მიზნით მივმართე კოლეგებს და მათი  აზრი გავითვალისწინე. კოლეგასთან ერთად დავგეგმეთ და ჩავატარეთ ერთობლივი გაკვეთილი, თუ რამდენად უწყობთ ხელს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას საგაკვეთილო პროცესში,  შევაფასეთ გაკვეთილები, მომცა რეკომენდაციები, რომელიც გავითვალისწინე. ბავშვებს შეუმცირე საშინაო დავალების მოცულობა.


        ინტერვენციის შეფასება:   

         ელექტრონული რესურსის გამოყენებამ სასწავლო პროცესში გაუიოლა ბავშვებს  ინფორმაციის აღქმა, რადგან ინფორმაცია ვიზუალურადაა გაფორმებული, ტექსტი და  ილუსტრაციები მარტივად აღსაქმელია, ხელს უწყობს   მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრირებას. გაზარდა მოსწავლეთა  მოტივაცია და ინტერესი შესასწავლი საკითხის მიმართ. ასევე საგაკვეთილო პროცესში თამაშით სწავლებამ გაზარდა მათემატიკის სწავლის მოტივაცია. ამ დროს ბავშვები ითვისებენ  აუცილებელ უნარებს და ჩვევებს, ეცნობიან პრობლემური სიტუაციიდან თავის დაღწევის გზებს. მისი გამოყენებით შევძელით ლამაზად შეგვენიღბა სასწავლო ამოცანა, გაგვეზარდა მოტივაცია მოსწავლეებში, რაც უკუკავშირის საშუალებით დააფიქსირეს პედაგოგებმაც.   ასევე ზოგიერთ შემთხვევაში მოსწავლისთვის  დავალების შერჩევის უფლების მიცემით გაიზარდა მისი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა სწავლის მოტივაცია, რასაც ადასტურებენ კვლევაში ჩართული მასწავლებლებიც.  პირადად მე საკუთარ გაკვეთილზე ფოკუსირებული დაკვირვების მიზნით კოლეგის დასწრება და უკუკავშირი დამეხმარა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების კუთხით ჩემი პედაგოგიური საქმიანობის უკეთ წარმართვაში. 


ინტერვენციის შემდგომი კვლევა:

       გატარებული ღონისძიებების შეფასებისას გამოვლინდა, რომ მათი უმრავლესობა შედეგიანი იყო. წარმოგიდგენთ დიაგრამას, რომელზეც ასახულია  ინტერვენციის  შემდგომი კვლევის მონაცემები. გამოვიკითხე მშობლები ინტერვიუს ფორმატში. მივმართე კითხვით,  „ გაიზარდა თუ არა მათემატიკის  სწავლის მიმართ  ინტერესი  ბოლო პერიოდში  თქვენ  შვილში?“  მივიღე შემდეგი მონაცემები:

=



             ინტერვენციის შემდგომმა კვლევამ დადებითი შედეგი გამოკვეთა. გამოკითხული მშობლების 75%  თვლის, რომ მათ შვილებში  გაიზარდა მათემატიკის სწავლის მიმართ ინტერესი, მოტივაცია, რაც დადებითად აისახა  აკადემიური მოსწრებაზე.


     რეკომენდაციები  მასწავლებლებისთვის:   ჩატარებული კვლევის გათვალისწინებით და მოტივაციის წასაქეზებლად 

·         ვაქციოთ სასწავლო ამოცანა გართობად და გაკვეთილი წარვმართოთ საინტერესოდ, მივმართოთ მრავალფეროვნებას, გამოვიყენოთ თვალსაჩინოებები, ელექტრონული რესურსი, რაც გადაჭრის ყურადღების კონცენტრაციის პრობლემას და გაზრდის მოტივაციას.  

·         ზოგიერთ შემთხვევაში მოსწავლეს  მივცეთ  დავალების შერჩევის უფლება.

·         მივცეთ ნამუშევრის გადახედვის და შეცდომის შესწორების საშუალება.

·         ყურადღება უნდა მივაქციოთ ამოცანის პირობა იყოს მოსწავლისთვის ადვილად გასაგები.

·         წავახალისოთ ისინი შექებით(რა თქმა უნდა დამსახურებისამებრ), რათა განუმტკიცდეთ თვითრწმენა.

·         არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის შევარჩიოთ მათთვის უფრო გასაგები, საინტერესო აქტივობა, რაშიც შეიძლება თავი გამოიჩინონ და რაც კარგად გამოუვათ, მაგალითად: ხატვა, ძერწვა, აპლიკაციის გაკეთება, სიმღერა, ცეკვა. 

·         პედაგოგებმა გაუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება. 


    რეკომენდაცია მშობლებისთვის:   ჰქონდეთ  ხშირი კომუნიკაცია მასწავლებლებთან. მისცენ  შვილებს  მეტი დამოუკიდებლობა, მათ შორის  საშინაო დავალების შესრულების კუთხით.         

       დასკვნა:   ჩემს მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მათემატიკის სწავლის დაბალი მოტივაციის მიზეზებია:  მოსწავლეებს უჭირთ მათემატიკური საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტა, უჭირთ ყურადღების კონცენტრაცია,  აქვთ  კითხვის და ტექსტური ინფორმაციის გააზრების პრობლემა,  უჭირთ მათემატიკური ოპერაციების შესრულება, ანგარიში. შეჭიდება უწევთ დიდი მოცულობის საშინაო დავალებასთან. ზემოთ ხსენებული  პრობლემების გადასაჭრელად გატარებული ღონისძიებების შემდეგ მართლაც მოსწავლეების მნიშვნელოვან  ნაწილში გაიზარდა მათემატიკის სწავლის მოტივაცია. თუმცა პრობლემები მაინც არის, რომლის გამომწვევი მიზეზია არასაკმარისი კომუნიკაცია მშობლებთან, არასაკმარისი ინდივიდუალური მიდგომები ბავშვებთან. მუშაობას ვაგრძელებთ ხსენებული პრობლემების გადასაჭრელად. შესაძლებლობისთანავე გავივლი ტრენინგს „მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების“ კუთხით. კვლევას ჰქონდა ხარვეზებიც. საჭირო იყო მეტი მოსწავლის და მშობლის ჩართვა კვლევაში, რაც მომავლისთვის გასათვალისწინებელია.

No comments:

Post a Comment